„ერთი შეხედვით წესიერი კაცი გეი აღმოჩნდა“ – ვინ არის ცნობილი მსახიობის მკვლელობაში მსჯავრდებული ქართველი, რომელმაც ამჯერად ციხეში ქართველი თანამესაკნე მოკლა
43 წლის ქართველი მსჯავრდებულს, დავით მურთინელს, რომელმაც საბერძნეთის ციხეში გუშინ ქართველი პატიმარი მოკლა, მსგავსი ქმედება ადრეც ჩაუდენია.
კერძოდ, ათენის სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს მოქალაქეს დავით მურთინელს, 2008 წელს ბერძენი მსახიობის ნიკოს სერგიანოპულოსის მკვლელობის გამო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მანამდე, პირველმა ინსტანციამ მას სასჯელის ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამან მთელი საბერძნეთი აღაშფოთა.
სააპელაციო სასამართლოში მურთინელი სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა და ირწმუნებოდა, რომ მას სინამდვილეში განზრახ არ უნდოდა ბერძენი ვარსკვლავის მოკვლა – უბრალოდ დანის მუქარით მცირე თანხის აღება უნდოდა, თუმცა ამაზე სერგიანოპულოსის რეაქცია არაადექვატური იყო. მურთინელი ირწმუნებოდა, რომ მსახიობი მას ჯერ შეეწინააღმდეგა, შემდეგ კი ინტიმური კავშირის დამყარება მოინდომა.
როგორც აღმოჩნდა, ბრალდებული მსახიობის სახლში, ამის დადგენა სასამართლომ თავიდან ვერ შეძლო. ის ცდილობდა, დაერწმუნებინა მსაჯულები, რომ უბრალო ტურისტი იყო და როცა ათენის ქუჩებში დასეირნობდა, სწორედ მაშინ მასთან მივიდა ცნობილი მსახიობი და საკუთარ სახლში სტუმრად მიიპატიჟა. ეს ნაამბობი სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა, მისმა განცხადებამ კი – „როგორ წარმოვიდგენდი, ერთი შეხედვით წესიერი კაცი, ნამდვილი გეი აღმოჩნდებოდა“-ო, დარბაზი გააცინა, რადგან მთელს საბერძნეთში ნიკოს სერგიანოპულოსი ცნობილი იყო, როგორც გამოუსწორებელი მექალთანე.
მკვლელობამდე 2 კვირით ადრე ათენში სექსუალური უმცირესობის აღლუმი გაიმართა. ამიტომაც, ბერძნულ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ცნობილი მსახიობის მკვლელობა ქართველს სწორედ ამ აღლუმის ორგანიზატორებმა დაუკვეთეს და მკვლელობის მოტივიც წინასწარ ასე განისაზღვრა.
დავით მურთინელმა მოსამართლეებს წარუდგინა ცოლისგან გამოგზავნილი წერილი, სადაც ქალი წერდა, რომ ქვეყანაში ფული არ არის. ამიტომაც, ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ მას უბრალოდ „ფულის შოვნა უნდოდა და სექსუალური მანიაკის მსხვერპლი გახდა“.
სასამართლომ მოუსმინა ბრალდებულის პოზიციას, მაგრამ ამის მიუხედავად ექვსმა მოსამართლემ ერთის წინააღმდეგ, მურთინელი დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველმა, მკვლელობა აბსოლუტურად მშვიდ ფლიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაიდინა. სამუდამო პატიმრობის გარდა, მურთინელს მსახიობის სახლიდან ფულისა და კომპიუტერის მოპარვისთვის დამატებით 10 თვე მიუსაჯეს. ამასთანავე, სასამართლომ გააუქმა სასჯელი, რომელიც მას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების და ქვეყანაში უკანონოდ შესვლის გამო ჰქონდა მისჯილი.
ცნობისთვის, სერგიანოპულოსი ბერძნული თეატრის და კინოს მსახიობი იყო. 2008 წლის 4 ივნისს ის საკუთარ ბინაში მკვდარი იპოვეს. მკვლელმა მას გულში, ყელში და ფილტვებში 21 ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ადგილას მკვლელობის იარაღი, დანა იპოვეს.

Комментариев нет