ეს შტამი თუ ოჯახში შეაღწევს, ვერცერთი წევრი ხელუხლებელი ვეღარ დარჩება – რომელ შტამზე საუბრობს ბიძინა კულუმბეგოვი
კორონავირუსის დელტა ვარიანტი კი, თუ ოჯახში შეაღწევს, ვერცერთი წევრი ხელუხლებელი ვეღარ დარჩება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმინოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის დელტა შტამი შეშფოთების საგანია იმ ქვეყნებშიც, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
„ვირუსის დელტა ვარიანტი იმ ქვეყნებშიც შეშფოთების საგანია, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. რატომ გახდა ეს შტამი ასეთი შემაშფოთებელი ყველასთვის? პირველ რიგში დაინფიცირების უფრო მაღალი პროცენტულობის გამო. ის ბრიტანულ შტამზე 60%-65%-ით უფრო მარტივად აინფიცირებს ადამიანს.
თქვენს ირგვლივ ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ოჯახის ერთი წევრი დაავადდა და მისგან ოჯახის სხვა წევრებს არ გადაედოთ. დელტა ვარიანტი კი, თუ ოჯახი შეაღწევს, ვერცერთი წევრი ინტაქტური ვეღარ დარჩება. ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს. სამწუხაროდ, დელტა ვარიანტით დაინფიცირებულები 2-ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოებში.
დელტა ვირუსით ინფიცირებულ ადამიანს 5-დან 8 ადამიანის ინფიცირება შეუძლია. რადგან ჩვენ 18 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ინდური შტამის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ საშუალოდ 100 ადამიანი დააინფიცირეს. ამ შტამს იმდენად მაღალი აქვს დომინირებისკენ მიდრეკილება, საქართველოში ალბათ ერთი თვე ან თვენახევარი დასჭირდება, რომ ინფიცირებულთა უმრავლესობა ამ ვარიანტით იყოს.
რამდენად შესწევთ საქართველოში დღეისათვის ხელმისაწვდომ ვაქცინებს ამ ვარიანტთან გამკლავების ძალა? რა თქმა უნდა, ეს ვაქცინები მოქმედებს, თუმცა მათი ძალა შემცირებულია. ორი დოზა აუცილებელია, რომ დაცულობის მაქსიმალურ ხარისხს მივაღწიოთ. ამიტომ, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ვაქცინაციას ნუ გადაავადებთ“ – განაცხადა კულუმბეგოვმა იმედის ეთერში.

Комментариев нет