„რომ ნახა, ჩემი სახლი იწვისო, იტირა“ – ვისთან არიან ბავშვები, რომლებსაც მამის დანაშაულის გამო სახლი დაუწვეს
8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს სენაკის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მას შემდეგ რაც მათ სახლი გადაუწვეს ბავშვებმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს.
„მოკვდეს, რად მინდა მე ისინი, მაგრამ ბავშვები მეცოდება, რომ ნახა, ჩემი სახლი იწვისო, იტირა. ის ჯობია მოკვდეს“,- ამბობს ბრალდებულის სიდედრი.
გახიზნული შვილიშვილები ამჟამად მასთან იმყოფებიან.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და სასამართლოზე დღეს არაფერი უთქვამთ. დეტალებზე არ საუბრობს არც თავად უფლებადამცველი.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი ბავშვს სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მოკვლის მუქარით აიძულებდა, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა. ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.
ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.
Комментариев нет