გეი აქტივისტს პრეზიდენტად აირჩევ, სასჯელს უნდა ელოდო... გეი პარადებს რომ ჩაატარებ, რა გასაკვირია, რომ დაისაჯო - მეუფე სპირიდონი
გეი აქტივისტს პრეზიდენტად აირჩევ, არ არის ეს კარგი და, რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდო, - ასე გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე ომს მეუფე სპირიდონი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგებისას."თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. მოგეხსენებათ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია ასევე ათონის მთა - მეორე, და ასევე წილხვედრია კიევის პეჩორა, ანუ კიევი და შემდეგ არის დივეევოს მონასტერი. ეს არის ცნობილი მთელ საეკლესიო, მართლმადიდებლურ სამყაროში, რომ კიევი არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს ხომ უდიდესი საჩუქარია მათთვის, მაგრამ ვისაც მეტი მიეცეს, მეტი მოეთხოვოსო. შე დალოცვილო, ამხელა სიწმინდეში რომ გეი აქტივისტს პრეზიდენტად აირჩევ, არ არის ეს კარგი და, რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდო. ასეთ სიწმინდეში ყოველ წელიწადს გეი პარადებს რომ ჩაატარებ, რა გასაკვირია, რომ დაისაჯო და ღვთის რისხვა მოგეწიოს. ახლა ვინ იქნება დამსჯელი მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს", - განაცხადა სასულიერო პირმა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსი აგრესორები ბომბავენ არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ მათ საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლებზეც მიაქვთ. ომის დაწყებიდან 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა უცხოეთში.
Комментариев нет