დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი... თუ ავფეთქდით, იცოდეთ, რომ თქვენ მე მაცოცხლეთ" - რას წერს უკრიანის ფრონტიდან დომენიკ მანგო?
უკრაინაში მყოფი ქართველი მოხალისე, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ თუ რამე შეემთხვა, დედის გვერდით რომ დაკრძალონ.
"მგონი, ყველაზე დროულია ამ წერილის დაწერა ჩემს ცხოვრებაში. დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი, იმ მიწაზე კი ჩემს მაგივრად გააშენეთ ულამაზესი ბაღი. არ გაგვიკეთოთ ძვირფასი ქვები, არც სახელები და არც სურათები. მხოლოდ ხეები და ყვავილები, მხოლოდ სილამაზე. ვისაც გული გეტყვით გულზე დამარგოთ ყვავილი ან ხილის ხე, რომელიც თქვენი ეზოდან სიყვარულით ამომიტანეთ, დაგვარგეთ გულზე. სულ ეს არის ჩემი დანაბარები. მიყვარხართ და იცოდეთ, არასდროს არ დაიხიოთ უკან როცა გული გკარნახობთ, რადგან სიკვდილადაც კი ღირს გულის თქმის ნდობა. თუნდაც ვერავინ ვერ გაგიგოთ და ყველა გემტერებოდეთ, ბოლოს მაინც სიყვარულამდე მიგიყვანთ გული.
ჩემი პირობა ქვას ტეხს და თქვენც დამპირდით, რომ არ მოგვაკლებთ ცოცხალ ყვავილებს, ხილის ხეებს, ჩრდილებს და სილამაზეებს. დამპირდით და შეასრულეთ თქვენი პირობა.
ჯერ არ ვკვდები, მაგრამ თუ ავფეთქდით, იცოდეთ, რომ თქვენ მე მაცოცხლეთ. ყველა მაგინებელისთვის მიპატიებია და ვითხოვ პატიებას, თუ გული გატკინეთ.
P.S ჩემი ნინაც გვერდზე იქნება იმ ვარდების ქვეშ", - წერს მანგო.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსი აგრესორები ბომბავენ არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ მათ საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლებზეც მიაქვთ. ომის დაწყებიდან 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა უცხოეთში.
Комментариев нет