ესაა მარაზმი, ეს სისტემა აწყობს ყველას – იაგო ფრანგიშვილი გიორგი ღოღობერიძეს ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ხმამაღლა საუბრისკენ მოუწოდებს
ექიმ გიორგი ღოღობერიძის კრიტიკას „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. ამ ფაქტს არაერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი თუ ცნობილი სახე გამოეხმაურა.
გიორგი ღოღობერიძისა და ნინო ნადირაძის “დაპირისპირებას“ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილიც გამოეხმაურა.
,,გიორგი ღოღობერიძე ახალგაზრდა ექიმია – ეს ინტერნაციონალური გაგებით, ქართული მონათმფლობელური გაგებით კი ექიმი რეზიდენტია ონკოლოგიაში, რომელიც იქით იხდის ფულს რეზიდენტურაში. ეს ქართული საზოგადოებრივი რეალობაა. სულ სხვაა ქართული ინდივიდუალური და 21-ე საუკუნის რეალობა.
ამ რეალობაში, რომელიც ცოცხლობს და არსებობს პარალელურად იმისა, რასაც კონსერვატული, ტრადიციული მედიასივრცე გვიჩვენებს, აი, ამ ახალ და არა მარტო ახალგაზრდულ ინტერნეტსივრცის რეალობაში გიორგი ღოღობერიძე ჩამოყალიბებული და მოკაშკაშე ვარსკვლავია.
მის ფეისბუქგვერდზე გიორგის 400.000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს. მის პოდკასტებს დაახლოებით და საშუალოდ თითოეულს 30 დან 80.000-მდე მაყურებელი ჰყავს. მისი ბოლო ,,პრომოუშენი” 1,5 მილიონი ნახვით აბსოლუტური ზენიტია ქართული ინტერნეტმედიასივრცისა.
გიორგი ღოღობერიძე ქართული სისტემის, ქართული უსახური სამედიცინო სისტემის თანახმად, არც ექიმია, არც სტუდენტია. დაამთავრა სამედიცინო და არის ონკოლოგიის დახელოვნებაში ანუ რეზიდენტურაში. და მაინც არ ითვლება ,,ექიმად”, არადა ამ ,,არაექიმს”, რომელსაც ,,პაციენტის მკურნალობის უფლება,, არ აქვს”, მიცემული აქვს უფლება, რომ ლექციები იკითხოს და უკითხოს სტუდენტებს ბიოქიმიაში და ფარმაკოლოგიაში. დიახ!
ამ ახალგაზრდა კაცს საქართველოს მონათმფლობელურმა სამედიცინო სისტემამ მისცა უფლება, რომ სამედიცინოს სტუდენტებს ასწავლოს, უფასოდ ალბათ, ესაა ამ მონურობის სიმბოლოც – რეზიდენტურაში ფული თავად იხადოს და ექიმად რომ მოიხსენიოს ვინმემ, აი, ამაზეც კი ენა უნდა დაგებას, მართლა ექიმი უწოდო თუ არა.
აი, ესაა მარაზმი. ონკოლოგია არის ექიმის შემდგომი დახელოვნება და არა ,,ექიმი მაშინ ხარ, თუ ან ონკოლოგი, ან კარდიოლოგი, ან ინტერნისტი, ან ყელ-ყურის ექიმი ხარ”. აი, ესაა ქართული სისტემის პარადოქსიც და მონურობაც.
ეს სისტემა აწყობს ყველას – სახელმწიფოს უფასო ექიმი და ავადმყოფის მიმხედი ჰყავს, კლინიკის უფროსობას და მფლობელს ამ რეზიდენტურის ექიმებით არა თუ უფასო ექიმი, არამედ აქეთ გადამხდელი ექიმი ჰყავს, რომლებიც მთლიანად არეგულირებენ კლინიკის ქმედითუნარიანობას. მთავარ და უფროს ექიმებსაც აწყობთ ეს მონათმფლობელური სისტემა, მოსწონთ პირადი მორჩილები, ძალაუფლების სიმბოლოა ეს ყველაფერი და ამიტომაც არავინ იღებს ხმას.
დამონებული რეზიდენტორები ამ თემაზე დადუმებულნი არიან. სამწუხაროდ, გიორგიც დუმს ამ მნიშვნელოვან თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი პოპულარობით და აქტუალობით სარგებლობს, რაც ქართულ ინტერნეტ სივრცეში განუმეორებელიც კია. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მისი გვერდი ნახოთ, კარგად გაკეთებული პოპულარული სამედიცინო გვერდია სერიოზულ თუ საინტერესო თუ სამხიარულო თემებზე, მაგალითად, ,,პირის სუნზეც” და ,,კოვიდ 19”-ზეც.
ჩემო გიორგი, გამოიყენე ეს შენი პოპულარობა და იბრძოლე ამ შენი და შენნაირების დაკაბალებისა და დამონების წინააღმდეგ. შევქმნათ ადამიანური სამედიცინო სისტემა და ადამიანის ღირსებასთან შესაბამისი ექიმის დახელოვნების სისტემა“,- წერს ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა „პრაიმშოუში“ კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო რჩევების გამო გააკრიტიკეს.

Комментариев нет